ქუთაისში ჟან მონეს ზამთრის სკოლა: “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” გაიხსნა. პროექტის მონაწილეებისთვის ციფრული განვითარების შესახებ სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ. ზამთრის სკოლა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება.
,,პროექტის მიზანია ევროპის ციფრული სტრატეგიის ძირითადი მიზნების და ამოცანების ახალგაზრდებამდე მიტანა. ევროკავშირის ათწლიანი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრულ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. 2020-2030 წლების სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია: მოქალაქეების ციფრული უნარების გაზრდა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ასევე, სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაცია ანუ ონლაინ მიწოდება და სხვა. ჩვენი პროგრამაც სწორედ ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანების გაზიარებას ისახავს მიზნად,”-ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე.
გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
,,ევროკავშირის ჟან მონეს ამ პროექტის განხორციელება ჩვენ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდობისთვის მეტი ისწავლონ და გაიგონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და ა.შ. ევროკავშირი ჩვენი მომავალია და კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ამ საკითხებზე მეტის გაგების საშუალება ეძლევათ. მადლობა ევროკავშირს და ჟან მონეს პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს, რომ ჩვენ რეგიონში გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში; იგი გაიხსნა 1989 წელს და სახელწოდება მიიღო ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის ჟან მონეს (Jean Monnet), ევროკავშირის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ პატივსაცემად. ამჟამად, პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.