აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ქართულ-ფრანგული ასოციაციის ,,გაუმარჯოს საქართველოს’’ თავმჯდომარემ, ტიერ ბერიშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა.

ტიერ ბერიშვილმა 1924 წლის საქართველოს აჯანყებაზე ისაუბრა. ტიერის მამა, მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ემიგრაციაში მყოფი მთავრობა დაეხმარა საფრანგეთში წასვლაში. მამია ბერიშვილმა, ქართველების ჯგუფთან ერთად აშშ-სა და საფრანგეთში გამოსცა ქართული არქივი.

,,ჩვენი ცენტრის კვლევის საგანს ქართული ემიგრაცია წარმოადგენს, როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიული ემიგრაცია. დღეს სტუდენტები საქართველოს ისტორიაში მომხდარი მოვლენის შესახებ ინფორმაციას პირველწყაროდან მიიღებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივაწოდოთ სტუდენტებს აკადემიური ინფორმაცია, არა მარტო ქართული წყაროებიდან, არამედ უცხოელი მომხსენებლებისგანაც, მითუმეტეს, იმ მომხსენებლისგან, რომლის წინაპარიც მომსწრე იყო იმ დროინდელი მოვლენების,’’- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ია იაშვილი.

,,1924 წლის აჯანყება საქართველოში იყო ერთადერთი ძლიერი გალაშქრება რუსეთის წინააღმდეგ. Ჩვენი წინაპრები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 2 წელიწადში ჩვენ ამ აჯანყების 100 წლის უიბილეს აღვნიშნავთ და ეს ლექცია ამ იუბილესაც ეძღვნება,’’-ამბობს ტიერ ბერიშვილი.

ლექცია აწსუ-ს ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრის თანადგომით ჩატარდა.

 

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. აჯანყების მასობრივობა აჩვენებს, რომ საბჭოთა რეჟიმი საქართველოში თავიდანვე არაპოპულარული იყო. მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან. აჯანყება დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რიცხვი, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *