აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამერიკელ პროფესორებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება.
,,სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში,’’-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის მოხარულია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.