ქუთაისში პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა ინფორმირებულობისთვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ევროინტეგრაციის საკითხში ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა და მას რეგიონული ინიციატივების ცენტრი ,,ნათელი მომავალი” ახორციელებდა. დასკვნით ღონისძიებაზე დღეს სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში EU@NATO გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიიღეს. ექვსი კაცისგან შემდგარმა ორმა გუნდმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა, გამარჯვებულ გუნდს პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა” პრიზები გადასცა. თამაშის მიზანი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მარტივად და სახალისო ფორმით შეთვისებაა.
პროექტი ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
,,პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს სამსაათიანი ტრენინგ-სემინარები ჩავუტარეთ. უკვე შემდეგ ეტაპზე ნატო-ევროკავშირის თემაზე სამაგიდე თამაშები გაიმართა. ეს თამაში 15 საჯარო სკოლაში დაიტესტა და მაღალი გამოხმაურება ჰქონდა. ვფიქრობთ, რომ ეს თამაში სხვა სკოლებსაც შევთავაზოთ და მივცეთ საშუალება, რომ ეს რესურსი ჰქონდეთ. პროექტი შედგა და ევროპის დღეების ფარგლებში მოგვეცა საშუალება ფართო მასებისთვის მოგვეთხრო რატომ გვინდა ნატოსა და ევროკავშირში და ზოგადად ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ინფორმაცია სად ვართ და როგორც უნდა მივიდეთ ევროიტეგრაციამდე,”-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
,,როდესაც ვსაუბრობთ ახალგაზრდების ინფორმირებაზე ნებისმიერი მიმართულებით, მითუმეტეს, იმ საკითხში, რასაც ახალგაზრდების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ჰქვია, მნიშვნელოვანია ეს მესიჯი ახალგაზრდებამდე სწორად მივიტანოთ. ახალგაზრდებს უნდა დავანახოთ ის გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ნებისმიერი სახის იდეა, პროექტი, რომელიც ინტელექტუალური შინაარსისკენ არის მიმართული, დასაფასებელია. ახალგაზრდების ამ სახის ღონისძიებებში ჩართვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს, განავითარონ თავიანთი უნარები და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე.