ახალგაზრდული მუშაკის პროფესია საქართველოსთვის ახალია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ საქმიანობას საქართველოში არც ისე მცირე ისტორია აქვს, სახელმწიფომ ახალგაზრდული მუშაკის პროფესია ოფიციალურად მხოლოდ 2020 წელს აღიარა. ახალგაზრდული მუშაკი ის ადამიანია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან, ეხმარება მათ თავიანთი საჭიროებების გამოვლენაში, უნარების, კომპეტენციების, დამოკიდებულებების განვითარებაში და სხვადასხვა ბარიერის დაძლევაში. ახალაგაზრდული მუშაკები ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მეთოდით აწვდიან ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდების ჩართულობით გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რაც უნმიშვნელოვანესია მათი განვითარებისთვის. ახალგაზრდული საქმიანობით არაერთი ახალგაზრდაა დაკავებული როგორც საქართველოს, ასევე იმერეთის მასშტაბით. სამმა მათგნამა რადიო ,,ძველ ქალაქს’’ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი თევზაძე ახალგაზრდული საქმიანობით 2014 წლიდან არის დაკავებული. თავდაპირველად მონაწილეობა ახალგაზრდულ პროექტში მიიღო, რის შემდეგაც ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ წევრი გახდა. ხოლო მას შემდეგ, რაც გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წავიდა, აღმოაჩინა, რომ მის საქმიანობას სახელი აქვს და მას ახალგაზრდული მუშაკი ჰქვია. 2021 წელს უკვე ახალგაზრდული მუშაკის პირველი სასერთიფიკაციო პროგრამა გაიარა და დღეს სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკია.
,,გულწრფელად მჯერა, რომ ეს არის პროფესია, რომელსაც ბევრი დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლია, როგორც ახალგაზრდებისთის, ასევე სახელმწიფოსთვის. ახალგაზრდული მუშაკი თანატოლებს იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალილებისთვის და თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია. როცა ახალგაზრდებთან ვმუშაობ, პირველ რიგში ვავლენ მათ საჭიროებებს, რათა მივაწოდო ის რესურსები, რაც მათ განვითარებას უზრუნველყოფს,’’-ამბობს ირაკლი თევზაძე.
მისი თქმით, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა დღემდე გამოწვევად რჩება.
,,ხშირად ახალგაზრდებზე საუბრობენ სხვადასხვა კონტექსტში, ხშირად საუბრობენ ახალგაზრდებზე ახალგაზრდების გარეშე, ისინი არ არიან ჩართულები ახალგაზრდულ საკითხებზე დისკუსიებში, ახალგაზრდების ინიციატივები არათუ არ ხორციელდება, ხშირად არც კი ჟღერდება და მის განხილვას არასათანადო ყურადღება ეთმობა. ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდები არ არიან მნიშვნელოვანნი ან ამბობენ , რომ მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ ამას პრაქტიკული გამოვლინება არ აქვს და ოქროს სიტყვებად რჩება. საჭიროა ახალგაზრდებმა ვიმსჯელოთ ჩვენს საჭიროებებზე, მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება, რადგან ჩვენ თავად ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს იდეები პრობლემის გადასაჭრელად. სწორედ ამიტომაა ღირებული ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობა, რომ ვახერხებთ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს დასაქმების თუ სხვა გამოწვევების დაძლევაში,’’-ამბობს ირაკლი თევზაძე.
სერთიფირებული ახალგაზრდული მუშაკია მინდია თავხელიძეც. მან ახალგაზრდული საქმიანობა 10 წლის წინ დაიწყო. დღეს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრში მოხალისეობრივი საქმიანობის კოორდინატორად მუშაობს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა, მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთის’’ ფარგლებში ახალაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზებას ეწევა. პროექტი გარდა სხვა მიმართულებებისა, ორ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს: მოხალისეობის ციფრული პლატფორმის შექმნა ,რომელიც დააკავშირებს მოხალისეობის მსურველს და მოხალისეობრივი საქმიანობის შემთავაზებელ ინდივიდს ან ორგანიზაციას და საქართველოს 10 რეგიონში მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული საბჭოების ფორმირება, რომელიც ამ ეტაპზე პროცესშია. ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციაა შუმავლის როლი ითამაშოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახლაგაზრდებს შორის, ჩაერთის ბიჯეტირების პროცეში, მოამზადოს კვლევა ახალაგზრდული საჭიროების შესახებ და ასევე მოამზადოს რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში წარსადგენად პრობლემების გადაჭრის მიზნით. პროექტი სამი წელი გაგრძელდება. მინდია თავხელიძე ამბობს, რომ ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა არცისე მარტივია, რადგან ბევრი ამ ყველაფრით ნაკლებადაა დაინტერესებული. მისი თქმით, ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდებს მათი სურვილების, საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სთავაზობს.
,,ახალგაზრდული მუშაკის პროფესია იმით არის ღირებული, რომ მისი ახალგაზრდებთან მუშაობის სტილი განსხვავდება ფორმალური განათლების სტილსგან. ხშირად ახალგაზრდები სასწავლო დაწესებულებაში იღებენ ცოდნას, მაგრამ ვერ ახერხებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ჩვენ კი ახალგაზრდებს იმ უნარების განვითარებაში ვეხმარებით, რასაც ფორმალური განათლების სივრცე ვერ უზრუნველყოფს. აქ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მეთოდი, რათა შესაბამისად მივუდგეთ ახალგაზრდებს. მასწავლებლისგან ახალგაზრდული მუსაკი იმით განსხვავდება, რომ ის, პირველ რიგში, ავლენს ახალგაზრდების საჭიროებებს და სწორედ ამაზე მუსაობს. ფორმალური განათლების სისტემა ინდივიდზე ნაკლებადაა მორგებული, ჩვენ კი ვმუშაობთ ინდივიდის უნარების განვითარებაზე,’’-ამბობს მინდია თავხელიძე.
ახალგაზრდული საქმიანობით წლებია დაკავებულია შაკო ჯინჭარაძეც. ამ ეტაპზე ,,მზიან სახლში” მუშაობს, სადაც ყველა იმ ტრენინგს და პროგრამას გადის, რაც ახალგაზრდა მუშაკად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. შაკო ახალგაზრდებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.
,,აქ მრავალფეროვანი არჩევანია, გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები: ლაშქრობები, თამაშები, შემეცნებითი ღონისძიებები, ფილმის ჩვენებები, და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ იდეები ახალგაზრდებისგან მოდის და ის ძირითადად თავისუფალი დროის ნაყოფიერ გამოყენებას უკავშირდება. კოლეჯ ,,იბერიაში’’ ასევე გვაქვს ჩამოყალიბებული თემატური ჯგუფები, რომელიც შეიძლება უკავშირდება: ეკოლოგიას, ისტორიას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, პიროვნულ განვითარებას… ახალგაზრდები სწავლობენ პროექტების წერას და მათ განხორციელებას. მე, როგორც ახალგაზრდული მუშაკი, ვეხმარები მათ, აღმოაჩინონ საკუთარ თავში სხვადასხვა უნარები, განავითარონ ისინი და მიაღწიონ მიზანს,’’-ამბობს შაკო ჯინჭარაძე.
პროფესია, რომელიც საქართველოში ახლა ინერგება, ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლითაც ისინი ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ. არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებთან მუშაობას ევროპის ქვეყნებში დიდი ხნის ისტორია და ნაყოფიერი შედეგები აქვს.