4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

სკოლებსა და ბაღებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქუთაისის სკოლებში რეგულაციები სრულად იქნება დაცული.

,,მკაცრად გაკონტროლდება ყველაფერი. მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. შემოსასვლელში განთავსებული იქნება თერმოსკრინინგის აპარატი და დეზობარიერი. ასევე სკოლებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. გამომდინარე იქედან, რომ ბევრ სკოლაში საარჩევნო უბნებია განთავსებული, 3 ოქტომბერს ამ სკოლებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დავიწყოთ,’’-ამბობს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, მშობლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში შვილი დინსტანციურ სწავლებაზე დატოვონ.

იმის გამო, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნები ქუთაისში ბაღებშიც იქნება განთავსებული, სასწავლო პროცესი 5 ოქტომბერს განახლდება ქუთაისის ბაღებში. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართება.

,,მშობლებს ბაღში შემოსვლის უფლება არ ექნებათ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეულ ყველა რეკომენდაციას და ყველა რეგულაციას დავიცავთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბაღებში კოვიდის შემთხვევები,’’-ამბობს დავით წიტაიშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *