ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს რეკომენდაციით, სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. მსოფლიო ორგანიზაციები სკოლებს მოუწოდებენ გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო კორონა ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის.

ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული ზომები მოიცავს: ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.

WHO და UNICEF მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია 12 წელს ზემოთ მყოფ იმ ბავშვთა აცრა, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.

მათი რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია: საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდსა და იუნესკოს კორონავირუსის დროს სასკოლო პროცესისთვის შეიმუშავეს 8 რეკომენდაცია.

რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის:

• სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
• შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
• შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
• დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
• დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
• გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
• ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.

“ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ”, — აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *