კოვიდ 19-ის პირობებში კლიმატის ცვლილების საკითხებზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართა,
რომელსაც იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საინფორმაციო სააგენტო firstnews.ge-ს ორგანიზებით შედგა და მას მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის” ხელმძღვანელი, ქეთევან ცხაკაია უძღვებოდა. როგორც აღინიშნა, 2020 წელს, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო საწარმოებისა და ავტომანქანების გამონაბოლქვი შემცირდა, რამაც გარემოზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა, სამაგიეროდ, რეგულაციების მოხსნისთანავე გაიზარდა გამონაბოლქვის რაოდენობა და 2019 წლის მონაცემებსაც გადააჭარბა. ასევე პირბადეები და ერთჯერადი ხელთათმანები წარმოქმნიან პლასტიკის ნარჩენებს , რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ გარემოზე.
,,დღეს მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდა საუბარი. ვისაუბრეთ რა გავლენა იქონია პანდემიამ კლიმატის ცვლილების საკითხზე და პირიქით, კლიმატის ცვლილებამ კორონა ვირუსის წარმოქმნაზე. რა თქმა უნდა , სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვამ გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა ქუთაისში ჰაერის მდგომარეობაზე, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიზარდა ზემოქმედება გარემოზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალებებიდან”-ამბობს ქეთევან ცხაკაია.
,,კარგ საქმეს აკეთებს ,,მწვანეთა მოძრაობა -დედამიწის მეგობრები”, ქუთაისში ბევრი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, Firstnews-ის პროექტი, რომელიც მოიცავს ჩვენი, ჟურნალისტების განათლებას. ვისაუბრეთ რამდენად აისახა პანდემია კლიმატის ცვლილებაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ფართო საზოგადოებას ვუყვებით,”-ამბობს ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე.
შეხვედრა პროექტის ,,კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში” ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია ,,მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების” მიერ.