ქუთაისში ყრუ-უსინათლოთა საჭიროებების,

მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ,,ყრუ-უსინათლოთა’’ კავშირის ეგიდით, ჰელენ კელერის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. შეხვედრაზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის საჭირო სერვისების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს და საკითხის გადაჭრაში მუნიციპალიტეტის როლს გაუსვეს ხაზი. ასევე გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თარჯიმან-მეგზურის სასწავლო პროგრამა გაიარეს. თარჯიმან-მეგზური ის ადამიანია, რომელიც ყრუ-უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.

 

,,თარჯიმან-მეგზურის პროფესია ახალია. ჩვენ ამ კუთხით რამდენიმე ადამიანი რამდენიმე ადამიანი. არსებობს სერვისები უსინათლოებისთვის, ასევე სმენადაქვეითებულთათვის, მაგრამ როცა ადამიანებს ორივე პრობლემა ერთად აქვს, არ იციან რა სერვისი მიაწოდონ. ამ დროს ტაქტილური ორგანოები უნდა იქცეს მათთვის გარემოსთან ურთიერთობის საშუალებად და საჭიროა ვიცოდეთ, როგორ შევქმნათ ისეთი სერვისები, რაც ამ პრობლემის მქონე ადამიანების სოციალიზაციას შეუწყობს ხელს. ეს იციან ჩვენმა თარჯიმან-მეგზურებმა. საჭიროა კანონმდებლობაზე მუშაობაც, რომ თარჯიმან-მეგზურის პროფესია იყოს დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. ჰელენ კელერის სიტყვები მინდა გავიხსენო: ,,უსინათლობა გვაშორებს, საგნებს, სიყრუე ადამიანებს.  ძალიან რთული წარმოსადგენია, როცა ადამიანები შეზღუდვების გამო შორდებიან ერთმანეთს. ჩვენი ყველას ვალია შევქმნათ მათზე მორგებული სერვისები და ამ ადამიანებს თავი სრულფასოვან მოქალაქეებად ვაგრძნობინოთ,’’-ამბობს ,,ყრუ-უსინათლოთა კავშირის’’ თავმჯდომარე ელენე პაიჭაძე.

,,გვინდა რომ ყველა ქუჩა, ტროტუარი გაჩერება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე მნიშვნელოვანია რომ შიგნითა დაწესებულებებიც ადაპტირებული იყოს. მოვამზადეთ სახელმძღვანელო ამ საკითხების შესახებ და ის უნდა იქცეს სახელმძღვანელო პრინციპად ინფრასტრუქტურის დარგში მომუშავე ადამიანებისთვის’’-ამბობს ,,ყრუ-უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ გოდუაძე.

ჰელენ კელერი ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც  უსინათლობისა და სმენადაქვეითებულობის მიუხედავად, დიდ წარმატებას მიაღწია. 21 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით მისი სახელობის კვირეული იმართება.   კვირეულის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ჰელენ კერელის კვირეული ქუთაისში მესამედ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *