აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები
ონლაინ რეჟიმში დღეს დაიწყო. იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოცდების ჩაბარებას ონლაინ რეჟიმში ვერ შეძლებენ, საშუალება ექნებათ გამოცდა უნივერსიტეტის სივრცეში 5 ივლისიდან დაწერონ. აწსუ-ს რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე ამბობს, რომ გამოცდებზე კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შესაბამისი რეკომენდაციები დაცული იქნება. სტუდენტებს ტემპერატურას გაუზომავენ, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და აუდიტორიებში სტუდენტების რაოდენობა მაქსიმალურად შეიზღუდება.
“გამოცდებისათვის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით ფართები უკვე გამოყოფილია. განთავსებული იქნება დეზობარიერები და სადეზინფექციო საშუალებები. სათანადო დროის დაცვით განიავდება აუდიტორიები. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ყველაფერს შეამოწმებენ. აუდიტორიებში სტუდენტთა რაოდენობა მაქსიმალურად შეიზღუდება. მერხებს შორის 2 მეტრიან დისტანციას დავიცავთ და სივრცის 50 %-ს ავითვისებთ,”-განაცხადა შალვა კირთაძემ.
აწსუ-ს სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ.