ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

პროფესიის შერჩევა სურვილების, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით ხდება. თუმცა ხშირად გადამწყვეტ როლს სხვისი აზრი (მშობლის, მასწავლებლის) ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. მოდური პროფესიები. 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების მიღების საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, მოთხოვნად პროფესიებს შორის კვლავ არის ექიმი, ჟურნალისტი, იურისტი,მასწავლებელი, ეკონომისტი.

ლედი მერკვილიშვილი ერთ-ერთი იმათგან ვინც თავის დროზე ფილოლოგობა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები იყო ის, სადაც საკუთარი თავი უნდა ეპოვნა. თუმცა მოგვიანებით აგრარული მიმართულებით დაინტერესდა და ის ახლა აშშ-ში, მინესოტას უნივერსიტეტში სწავლობს და მუშაობს. 

ვანში, სოფელ ფერეთაში ლედის ოჯახი სოფლის მეურნეობაში აქტიურადაა ჩართული. მისი ძმა, ვახტანგ მერკვილიშვილი ტყელმების, აჯიკების წარმოებაშია ჩართული. ამას გადა სახელწმიფო პროგრამის “ქართული ჩაი” ფარგლებში მისსავე სოფელში ძველი პლანტაციები მოაწესრიგა. 

ლედის დაინტერესება აგრარული მიმართულებებით სწორედ ამან გამოიწვია. 

,,ჩემი ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. როდესაც ჩემმა ძმამ ამ მიმართულებით დიდი ამბები წამოიწყო, მეც დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემს ოჯახს გვედით დავდგომოდი. ახლა მებაღეობას ვსწავლობ მინესოტას უნივერსიტეტში. ესაა კვების, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მეცნიერებათა ფაკულტეტი” – ამბობს ლედი.

აშშ-ში სასწავლებლად წასვლაში ძმა დაეხმარა.

,,მან იპოვა პროგრამა, რომლის საშუალებითაც აქ მოვხვდი. საქართველოში არ არის ის ტექნოლოგიები და სტანდარტები რაც აქეთ არის და მინდოდა, რომ რაღაც ახალი მესწავლა. ლექციებიც ძალიან განსხვავებულია. სასწავლო პროცესში მთლიანად ჩართული ხარ და თავს საჭიროდ გრძნობ.”- ამბობს ლედი.

მუშაობა სწავლის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. იმას, რასაც თეორიულად სწავლობენ, შემდეგ პრაქტიკაში იყენებენ.

,,უნივერსიტეტში ვმუშაობ. ამას ჰქვია აგრონომიის მეცნიერებათა და მცენარეთა გენეტიკის დეპარტამენტი. ვარ კვლევითი ასისტენტი. შვრიის განყოფილებაა. მოყვანას, დარგვას, მოსავლის აღებას ვსწავლობთ. როცა დრო მაქვს სხვა დეპარტამენტებსაც ვეხმარები. არის ქერის, სოიოს, ხორბლის განყოფილებები. ქერის განყოფილებას თავისი წარმოების ლუდი აქვს. მოკლედ აქ მოწყენის საშუალება არ გვაქვს. ძალიან საინტერესოა.”- აღნიშნავს ლედი.

აშშ-ში სწავლას მიმდინარე წლის მაისში ასრულებს. ამბობს, რომ შემდეგ მუშაობის გაგრძელებაზე ფიქრობს. ლედი მიიჩნევს, რომ ახალი პროფესიის სწავლა გვიან არასდროს არაა და ახალგაზრდებს საკუთარი თავის ძიების არ უნდა შეეშინდეთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *