,,მიუნხენის უნივერსიტეტის რექტორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
საპატიო რექტორი იქნება.” – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ “მაესტრო რეგიონებში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს უკვე წელს მიიღებს.
,,ყველაფრის შექმნა მოხდა მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად.მიუნხენის უნივერსიტეტის რექტორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო რექტორი იქნება. პირველ ეტაპზე 5 ათასი სტუდენტის რესურსი იქნება. შტატი კომპლექტდება, ნაწილი დაკომპლექტებულია. სწავლის ხარისხი იქნება მაღალი, ევროპული დონის, საფასური კი იქნება იდენტური იმის, რაც არის სხვა უნივერსიტეტებში.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სასწავლებლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. განაშენიანების პირველ ფაზაში შენდება 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობები. ამაში შედის 3 სასწავლო კორპუსი, 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე, აიგება დამატებით 2 სასწავლო კორპუსი, ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.