წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის არ არსებობა გააპროტესტეს.
სკოლის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მასწავლებელი აკაკი ტყეშელაშვილი ამბობს, რომ შენობის ნაწილი არ თბება, ხოლო რამდენიმე საკლასო ოთახში ელეტროღუმელებია ჩართული, რაც უსაფრთხოების წესების ნორმების დარღვევაა. ტყეშელაშვილის განცხადებით, სისტემის მოსაწყობად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და თანხები გაიფლანგა. პედაგოგი სკოლის ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
“ამ ეტაპზე სკოლაში დგას გათბობის პრობლემა. შენობის დიდი ნაწილი არ თბება. ეს განპირობებულია ორჯერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოებით. ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ფული ტყუილად დაიხარჯა. დღეს საგანგაშო მდგომარეობაა, რამაც გამოიწვია პროტესტი. არის საკლასო ოთახები, სადაც სითბოს შესანარჩუნებლად ელექტროღუმელებია ჩართული, რაც საფრთხისშემცველია. ეს ყველაფერი უხარისხოდ გაკეთებულმა გათბობის სისტემამ გამოიწვია. ამაზე არც დირექტორი და არც რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ რეაგირებს,”-ამბობს ტყეშელაშვილი.
ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ტენდერი პირველად 2018 წელს გამოცხადდა, ხოლო განმეორებითი ტენდერი 2019 წელს და გათბობის სისტემა თებერვალში მოეწყო, თუმცა, კვლავ უხარისხოდ.