საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ
2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოყო.
სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: რუხი, რიყე და ხურჩა) დაზარალებული სტუდენტები.
2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია. 2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 7000-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა და 15 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2250 ლარით აფინანსებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე