ქუთაისში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაქენზი სმიტი აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ელჩის ვიზიტი უნივერსიტეტში ვიზიტი ნიუპორტისა და ქუთაისის 30 წლიანი მეგობრობის ფარგლებში შედგა. მან სტუდენტებს ბრიტანეთისა და ბრიტანული გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებს უპასუხა.
,,ქუთაისსა და დიდ ბრიტანეთს შორის მრავალწლიანი კავშირია. ფრიად მოხარული ვარ რომ ლამაზ ქალაქში, ქუთაისში ვიმყოფები და ასეთ შესანიშნავ უნივერსიტეტში, როგორიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ჩემთვის სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობა ქართულ-ბრიტანული სამომავლო ურთიერთობების საფუძველია.” – განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის გიორგი ღავთაძის თქმით, უნივერსიტეტმა ბრიტანეთის საბჭოების გრანტი მოიპოვა, რაც განათლების კუთხით ბრიტანული გამოცდილების გაცნობის მეტ შესაძლებლობებს იძლევა.
,,უნივერსიტეტს ათწლეულებია რაც ურთიერთობა აქვს ინგლისთან და ინგლისის უნივერსიტეტებთან. რაც დრო გადის და ვუახლოვდებით ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები უფრო მეტია. საელჩოც ამ კუთხით ძალიან თანამშრომლობს ჩვენთან და ბოლო პერიოდში უნივერსიტეტმა ბრიტანეთის საბჭოების გრანტი მოიპოვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა არა მხოლოდ საუნივერსიტეტო დონეზე, არამედ კვლევით და ბიზნესუნარების კუთხითაც გავეცნოთ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უნივერსიტეტში”.- განაცხადა გიორგი ღავთაძემ.