ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ სკოლის
ადმინისტრაციიდან დაურეკეს და გააფრთხილეს, მოსწავლეებისათვის ყურადღება მიექციათ და მათთვის მობილური ტელეფონების გამოყენების საშუალება არ მიეცათ. მშობლები ყვებიან, რომ კლასის დამრიგებლები წუხელ, მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.
“სკოლის მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ ბავშვები მოარიდეთ ტელეფონებს და სკოლაში არ გამოატანოთო. გვითხრეს, ეს გავრცელებული ინფორმაციის გამოა საჭიროო. მე-7 კლასელია ჩემი ბავშვი. მის კლასში არავის მისვლია მსგავსი შეტყობინება. ბავშვი არაფერს ამბობს,”-განაცხადა მესამე სკოლის მოსწავლის მშობელმა, დარეჯან ფანჩულიძემ.
მშობლების თქმით, შესაძლოა, სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აუკრძალონ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საქმის კურსშია სკოლის დირექტორი. თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ინფორმაციას ფლობენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მისი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და ყველა მხარე ინფორმირებულია.
რესურსცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვა სკოლებიდან არ მიუღიათ.