საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში ჩატარდება.
სამეცნიერო პიკნიკზე კარავები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სკოლებს დაეთმობათ.
წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები. პიკნიკი 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.
16:30- დან 17:00 საათამდე დეფილე მოეწყობა, 17:00 საათზე კი დაიწყება კონცერტი, რომელიც ქუთაისში ღონისძიებებს დაასრულებს.
სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.