სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტი კონკურსში მაისში ჩაერთო. პირველი ეტაპი დოკუმენტაციის შერჩევა და უნივერსიტეტის სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა იყო. შემდეგ გასაუბრება გაიარა. Google-მ სტუდენტური დეველოპერული გუნდის შესაქმნელად საქართველოდან სამი სტუდენტი შეარჩია. მათ შორის ერთ-ერთია თამთა კაპანაძე.
,,კომპანია Google-ს აქვს დეველოპერების გუნდი Google Developers, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახორციელებს სტუდენტურ კლუბებს (Google Developers Student Club). ამ კლუბების მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიების კუთხით, ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება. წელს პირველად ჰქონდა საქართველოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. საქართველოდან 3 სტუდენტი აგვარჩიეს. ამიკო მალანია – სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ომარ შირინიანი კი ევროპის უნივერსიტეტიდან. საბედნიეროდ, მათთან ერთად მეც მომეცა შანსი ამ კლუბს საფუძველი ჩავუყარო წერეთლის უნივერსიტეტში.
უკვე მყავს აწსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთან ერთადაც ჯერ პროგრამირების კარგად შესწავლას ვაპირებ, შედეგ კი ვორქშოპების, ტრენინგების ჩატარებას – ნებისმიერი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანისთვის. გაზაფხულზე ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ.”- განუცხადა რადიო ,,ძველ ქალაქს” თამთა კაპანაძემ.
19 წლის სტუდენტი კლუბის წევრებთან ერთად უკვე სხვადასხვა დეტალზე მუშაობს. ისინი მონაწიელბას გუგლის DSC ლიდერების ევროპის სამიტშიც მიიღებენ, რომელიც ოქტომბერში პარიზში გაიმართება.