აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი სტუმრობდა.
მან “ფრანკოფონიის” ფარგლებში სასწავლებელს საჩუქრად ფრანგულენოვანი 25 წიგნი გადასცა. ალვარო ბორგის თქმით, შვეიცარიის საელჩოსათვის მნიშვნელოვანია გაცდნენ თბილისს და ყურადღება რეგიონებსაც დაუთმონ.
“ქუთაისში ჩვენ ყოველ წელს ჩამოვდივართ. შვეიცარიის საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გავცდეთ თბილისს და გადავინაცვლოთ რეგიონებში. ამჯერად ვიზიტი ფრანკოფონიის თვის აღნიშვნას დავამთხვიეთ. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ფრანგულენოვან წრესთან და განსაკუთრებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფრანგულენოვან მიმართულებასთან. ასევე შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს. ბიბლიოთეკის დირექტორს და ჩამოვიტანეთ საჩუქრად წიგნები, რომლების შვეიცარიის შესახებაა და ასევე შვეიცარიელი ავტორების ნაწარმოებებია.”- განაცხადა ალვარო ბორგიმ.
დღესვე კინო “საქართველოში” ფრანკოფონიის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელიც შვეიცარიის პარლამენტსა და პარლამენტში არსებულ სიტუაციას შეეხება. თუ როგორ განიხილავენ საკითხებს და რა ურთიერთობებია იქაურ პარლამენტში. ფილმის ჩვენება 20 :00 საათზე დაიწყება.
შვეიცარიის ელჩის მოადგილე ქუთაისში მეორე და ორმოცდამეშვიდე სკოლების მონახულებასაც აპირებს, სადაც მოსწავლეებს ფრანგული ენის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ.