წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 240 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს: 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია, დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის, კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, რეკრეაცია, ფოიე გარდერობით, დერეფანი. სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა.
ასევე მოეწყობა სპორტული დარბაზი, რომელსაც უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამას.
სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.
სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 3 მილიონ 768 ათას 295 ლარია განკუთვნილი.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 20 თვეს, მათ შორის: დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა შეადგენს არაუმეტეს 5 თვეს, სამშენებლო სამუშაოებისთვის მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 15 თვეს.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა წლებია 2 კერძო სახლშია განთავსებული. მიზეზი სკოლის შენობის ჩამონგრევაა. სკოლის შესახებ მასალა რადიომ “ძველი ქალაქი” 2017 წლის თებერვალში მოამზადა.