2018 წლის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ხუთეულის ვინაობა ცნობილია.
ხუთეულში იმერეთის მუნიციპალიტეტიდან ორი პედაგოგი მოხვდა, მათ შორისაა ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე. რადიო “ძველი ქალაქი” იმერეთიდან ხუთეულის წევრის პედაგოგიური საქმიანობით დაინტერესდა. გთავაზობთ ინტერვიუს:
– რამდენი ხანია, რაც ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი ხართ?
– ბაღდათის #2 საჯარო სკოლაში ვასწავლი 2014 წლიდან, ინგლისურ და რუსულ ენებს. მანამდე ვმუშაობდი ქუთაისში, შპს #1 (გოქაძე) სკოლაში, ბაღდათის #1 საჯაროში და დიმის #1 საჯაროში, საიდანაც დაიწყო ჩემი აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. სკოლის გარდა, ზაფხულობით ვმუშაობდი ამერიკის მშვიდობის კორპუსში, წინასამსახურეობრივი ტრენინგების ტექნიკურ (განათლების) ტრენერად 9 წელი.
– როდის გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა?
– ჩემ პროექტში მონაწილეობას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ არა ნათია ფურცელაძე, შარშანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი. ბაღდათში, მასწავლებლებთან შეხვედრის დროს, ნათიამ და ჩემი სკოლის დირექტორმა, ლალი აბჟანდაძემ ასე ვთქვათ, მიბიძგეს გადამედგა ეს ნაბიჯი. როდესაც აპლიკაცია უკვე შევავსე და წავიკითხე, აი, მერე გავათვითცნობიერე, თურმე რამდენი რამ მიკეთებია.
– ქალბატონო მანანა, ელოდით თუ არა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას?
– ათეულში მოხვედრას, გითხრათ სიმართლე, ველოდი, მაგრამ ხუთეულში მოხვედრას -არა, რადგან მართლა ძლიერი და წარმატებული მასწავლებლებისგან შედგება წლევანდელი ათეული. ასე რომ, ჩემი სახელის გამოცხადება, თანაც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.
– რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლის პროფესია და რამდენად დიდ დროს უთმობთ მას?
– ჩემთვის მასწავლებლობა მთელი ჩემი ცხოვრებაა. სკოლაში თუ ინოვაციების ცენტრში ჩემს მოსწავლეებთან ვატარებ თითქმის მთელ დღეს. სახლში 7-8 საათვისთვის მივდივარ. ამ ცენტრში სხვადასხვა აქტივობები იმართება მოსწავლეებისა და ზრდასრულთათვის: ტარდება ლეგო რობოტების შესწავლის და პროგრამირების გაკვეთილები, ზრდასრულებს ვუტარებ კომპიუტერული პროგრამების შესწავლის გაკვეთილებს, ესაა Google Drive, Power Point, Internet, E-mail თუ სოციალური ქსელების გამოყენება. ასევე, ვმუშაობ მოსწავლეებთან ჩვენს ახლად დაწყებულ მედია პროექტზე – Generation Z, სადაც ბავშვები ეუფლებიან ჟურნალისტიკას, აკეთებენ სიუჟეტებს ქართულ და ინგლისურ ენაზე ბაღდათის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, ტაძრებზე, ნიჭიერ მოსწავლეებზე და აშუქებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ბავშვები თავად იღებენ სიუჟეტებს, ამონტაჟებენ, ასწორებენ ხმას, ადებენ ტიტრებს. გვაქვს ორი ვიდეოკამერა, რომლებიც გრანტის ფარგლებში მოვიპოვეთ ჩვენს ამერიკელ მოხალისესთან ერთად. https://www.facebook.com/GZtaoba/).
– როგორ ფიქრობთ, რა იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რის გამოც დღეს ხუთეულში ხართ?
-ესაა ჩემი დიდი და მრავალფეროვანი პედაგოგიური პრაქტიკა, ჩემი სწავლების შედეგები – ამაყი ვარ იმით, რომ არა ერთი ჩემი ყოფილი მოსწავლე ახლა ინგლისური ენის წარმატებული მასწავლებელია. ჩემი ამერიკელი მოხალისე, ვისთან ერთად ორი წელი ვიმუშავე ბაღდათის #2 საჯარო სკოლაში და არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთად, არი ვენტეიჩერიც მასწავლებელი გახდა და კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებით კლასებს ასწავლის. ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ობიექტური შეფასების სისტემა შემოიტანა სწავლებაში, ჩემს პირველ ამერიკელ მოხალისე მასწავლებელთან ერთად – ჩვენ პირველებს გვხვდა წილად ამერიკელ მასწავლებელთან ერთად მუშაობა დიმის #1 საჯარო სკოლაში. ასევე, გამარჯვება ინგლისური ენის მასწავლებელთა კონკურსში (TEA program), და ბოლოს, “ღირსების ორდენით” დაჯილდოვება. სწავლებაში ვიყენებ თანამედროვე, კომუნიკაციურ მეთოდებს და ტექნოლოგიებს, მობილური და კომპიუტერი ჩვენი გაკვეთილების ხშირი ატრიბუტია.
– გაქვთ თუ არა გამარჯვების მოლოდინი?
– გამარჯვების მოლოდინი? არასოდეს მაქვს მაღალი მოლოდინები. ჩემთვის ყველა ათეულში შესული მასწავლებელი ერთნაირად გამარჯვებულია. ნებისმიერის პირველობა მთელი არსებით გამიხარდება.
– მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ?
– მომავალი გეგმები უკავშირდება ისევ და ისევ ჩემს საქმიანობას – სწავლებას. დიდი პასუხისმგებლობაა იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში. პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობაა ჩემი შვილების და მეუღლის წინაშე, ვინც ყოველთვის მხარში მედგა ყველა ჩემს წამოწყებაში; ჩემი მოსწავლეებისა და ჩემი სკოლის წინაშე, რომელმაც კარი გამიღო და მიმიღო მეხუთე ინგლისური ენის მასწავლებლად; ასევე თავად კოალიცია “განათლება ყველასთვის – საქართველო” და მასწავლებლების განვითარების ეროვნული ცენტრის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” და ჟიურის ყველა წევრის წინაშე. დიდი მადლობა ყველას ამისთვის.
შეგახსენებთ, რომ ხუთეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. მას 10 000 ლარი გადაეცემა.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული ჟიურიმ შეარჩია.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენასა და პროფესიის პრესტიჟის ზრდას.