აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის მსურველების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლების მოსამზადებელ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამებზე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – 200 სტუდენტს მიიღებენ. აქედან 180 სტუდენტის სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 20-ს კი სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს.
რას გულისხმობს სწავლების ახალი მეთოდი და ინტეგრირებული პროგრამა ?
რადიო “ძველი ქალაქი” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანს, ვლადიმერ ადეიშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით, სასწავლებელში უკვე არსებულმა პროგრამა დაიხვეწა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან იმ კოდის მინიჭებას ელოდებიან, რომლითაც მას აბიტურიენტები აირჩევენ.
“ეს არის ინტეგრირებული საბაკავრო-სამაგისტრო პროგრამა “დაწყებითი განათლება”. ჩვენ ეს პროგრამა ადრეც გვქონდა, მაგრამ იყო მხოლოდ 240 კრედიტიანი და ახალაც სწავლობენ ამ პროგრამაზე სტუდენტები. შემდეგ სამინისტრომ შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო 300 კრედიტიანი პროგრამა. ჩვენ მოვამზადეთ ეს პროგრამაც და 1 აგვისტოს გაიარა აკრედიტაცია. ახლა ველოდებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამისათვის კოდის მინიჭებას. რომლითაც აბიტურიენტებს საკუთარ არჩევნაში ამ პროგრამის მითითებაც შეეძლებათ”, – განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.
განახლებული პროგრამა 5 წლიანი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ჩარიცხული სტუდენტები 4 წლის ნაცვლად 5 წელი ისწავლიან და მათ დამატებით მაგისტრატურის გავლა აღარ მოუწევთ:
“ადრე ვანიჭებდით განათლების ბაკალავრის წოდებას. ინტეგრირებული პროგრამის მიხედვით, წელს ჩარიცხულ სტუდენტებს მიენიჭებათ განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია. ეს სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ და სკოლებში ამ სტატუსით შევლენ.” – განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.
პროგრამა, რომლითაც 2018-19 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან, არსებული პროგრამის განახლებაა. მეხუთე წელი კვლევებს დაეთმობა და კურსდამთავრებულებს სამაგისტრო ნაშრომების დამუშავება მოუწევთ.
ცვლილებები არ შეეხება იმ სტუდენეტთა სასწავლო პროგრამას და სწავლის ხანგრძლივობას, რომლებიც ამ ფაკულტეტზე უკევ ირიცხებიან. როგორც ფაკულტეტის დეკანი განმარტავს, მათ ბაკალავრის სტატუსს მიანიჭებენ და მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად დამატებით მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლა და სხვადასხვა აქტივობებით კრედიტქულების დაგროვება მოუწევთ.
“იყო საუბარი, რომ მეორე და მესამე კურსელები ხომ არ გადასულიყვნენ ახალ პროგრამაზე, მაგრამ ჯერ პასუხი ვერ მივიღე. ამ ეტაპზე 5 წლიანი პროგრამით მხოლოდ წელს ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან. სხვებს შეეძლებათ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა გაიარონ. კანოში წერია, რომ 2023 წლამდე 240 კრედიტიანი პროგრამა გაიარონ და დაასრულონ ეს ერთწლიანი პროგრამა. უფროსი მასწავლებლის სტატუსს კი კრედიტკულების დაგროვებით მიიღებენ”,- განმარტავს ვლადიმერ ადეიშვილი.
იმისათვის, რომ სტუდენტებმა პედაგოგიური ფაკულტეტი და ინტერგირებული პროგრამა უკვე შერჩეულ ფაკულტეტებთან დაამატონ ოთხი დღე რჩებათ. ფაკლუტეტის დეკანი იმედოვნებს, რომ მიუხედავად მცირე დროისა დაინტერესება დიდი იქნება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამაზე სწავლების მსურველებს დამატებითი კონსულტაციებისათვის უკვე ელოდებიან. შესაფებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცნობარში ფაკულტეტს უახლოეს დღეებში დაამატებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მასწავლებლების მოსამზადებელ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამებზე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – აკრედიტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, ილიას, ბათუმის შოთა რუსთაველის, სამცხე–ჯავახეთის, გორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის, თელავის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიიღეს.