აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვაშა-ფშაველას მოთხრობების გერმანულენოვანი თარგმანი წარადგინეს. თარგმანი ფილოსოფიის დოქტორმა თამაზ გვენეტაძემ ქართველოლოგ იოლანდა ბარშევთან ერთად შექმნა. გვენეტაძის თქმით, ბარშევი მას 2007 წელს დაუკავშირდა და თანამშრომლობა სთხოვა. ნამუშევარს “ამეტყველებული ბუნება” ჰქვია და მასში, სხვადასხვა მოთხრობასთან ერთად, პოემა “გველისმჭამელიცაა” შესული.
“11 წლის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას ყველა მოთხრობა და თხზულება ვთარგმნეთ, მათ შორის: ცხოველების, ფრინველების შესახებ, კონფლიქტი ადამიანსა და ბუნებას შორის. მსოფლიო კულტურები ე.წ მასობრივი კულტურების მიმართულებით ვითარდება. ვაჟა არ არის მარტივი გასაგები და უნდა ვიცოდეთ, რომ მას მასობრივი მკითხველი არ ეყოლება. ის ისტორიასა და კულტურას დარჩება,”-განაცხადა თამაზ გვენეტაძემ.
გერმანისტის ირმა ყიფიანის თქმით, ევროპის დღეების ფარგლებში, აწსუ-ში ღონისძიებები ხშირად ეწყობა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტში უფრო მეტად მცირე ზომის ნამუშევრები ითარგმნებოდა.
“პრეზენტაცია ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამისა და გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით ტარდება. აღნიშნული დიდტანიანი ნაწარმოების თარგმნის პირველი მცდელობაა,”-განაცხადა ირმა ყიფიანმა.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობების თარგმანი 500 ეგზემპლარად დაიბეჭდა. წიგნს გაყიდვების ქსელში, სავარაუდოდ, “ბიბლუსი” ჩაუშვებს.