აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში კორეის ელჩს უმასპინძლეს.
სასწავლებლის რექტორმა და ელჩმა შესაძლო სამომავო ურთიერთობებზე ისაუბრეს. გიორგი ღავთაძის თქმით, სტუდენტები დაინტერესების შემთხვევაში შესაძლოა კორეული ენის სწავლება დაიწყონ.
“ძალიან საპატიო სტუმარი გვყავდა სასწავლებელში. ის დაინტერესდა ჩვენი და კორეის უნივერსიტეტების შესაძლო თანამშრომლობით. მათი ხედვით, მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტებთან ურთიერთობა პრიორიტეტული არ არის და სურთ რეგიონულ უნივერსიტეტებთან მსგავსი პროცესების განვითარება. ჩვენც მოხარულები ვართ. ვნახოთ რამდენად იქნება ინტერესი სტუდენტებში კორეული ენის, ლიტერატურის. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება თუ სტუდენტებს შევთავაზებთ კორეული ენის სწავლებას. ვაპირებთ კორეის კუთხე, ოთახი გავხსნათ სასწავლებელში, ახალ კორპუსში. წარმოდგენილი იქნება ის მიღწევები, რასაც კორე არწევს ტექნიკური მიმართულებით.”- განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
კორეის ელჩმა საქართველოში კიმ ინ ჰანმა სასწავლებელს საჩუქრად წიგნები გადასცა, მათ შორისაა კორეული ბუდიზმის მთავარი რელიგიური წიგნი და კორეულად ნათაგმნი “ვეფხისტყაოსანი”. წიგნები სასწავლებლის ბიბლიოთეკაში განთავსდა.