ქუთაისში, ახალგაზრდებში დევიანტური ქცევის აღმოსაფხვრელად, აქცია-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება მე-2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდულმა მოძრაობა “პოზიტიურმა ვირუსმა” ჩაატარა.
“პოზიტიური ვირუსის” აღმასრულებელი დირექტორის მონიკა ტყეშელაშვილის განმარტებით, აქცია-კონცერტი მიზნად ახალგაზრდებში მავნე ჩვევების აღმოფხვრას ისახავს.
“ვიმყოფებით მეორე საშუალო სკოლაში და ვატარებთ აქცია- კონცერტებს როგორც უფროსკლასელთათვის, ასევე მოწვეული სტუდენტებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებში დევიანტური ქცევების აღმოფხვრისათვის, როგორიცაა: სიგარეტის მოწევა, მარიხუანისა და ნარკოტიკის მოხმარება, აბორტი. გვინდა, ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ ჩაფლულან სიბინძურეში, დავანახოთ მედლის მეორე მხარე, რომლებიც არც ტელეეკრანებსა და არც რეკლამებში ჩანს,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ღონისძიებაზე, აქტუალურ თემებზე საუბრის გარდა, ახალგაზრდებისთვის თემატური შემოქმედებითი ნომრების ჩვენებაც მოეწყო.
“ძალიან მომეწონა შეხვედრა, რადგან ყურადღება ისეთ დეტალებზე იყო გამახვილებული, რაც დღეს აქტუალურია,”-განაცხადა მოსწავლემ ანა ლაბაძემ.
“შეხვედრამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სიგარეტის მავნებლობაზე ბევრი რამ არ ვიცოდი და დღეს ამომწურავი ინფორმაცია მივიღე,”-განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, აქცია-კონცერტები კვლავ გაგრძელდება. ამასთანავე, “პოზიტიური ვირუსი” ნიჭიერ და შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდებს ეძებს.