“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, საქართველოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე.,,არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს – სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან… პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა”, – აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

კვლევის სხვა მიგნებები:

უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ;
ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს;
ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა არ ჰქონია კომუნალური გადასახდებისთვის საკმარისი ფული;
მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში მაღალი ინფლაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტზე ფასები იზრდება. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9,8 პროცენტი იყო.

 

კვლევა 2022 წლის 3-20 დეკემბერს NDI-ის დაკვეთით “CRRC საქართველომ” ჩაატარა. ჩატარდა 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება); საშუალო  ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *