ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი იზრდება.
ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი ემატება. ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამჟამად ბიუჯეტი 131 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
,,თანხები ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით იგეგმება ჩეჩელაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, ასევე, მოეწყობა ტაბიძის ქუჩის სანიაღვრე სისტემა. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის კუთხით, მოეწყობა ძიუდოს დარბაზი. 100 ათასი ლარია გამოყოფილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე და ამ თანხით 29-ე სკოლის სახურავი გადაიხურება. ასევე, გამწვანების პროგრამის ფარგლებში, მუხიანში სკვერი მოეწყობა,’’-ამბობს საფინანსო პოლიტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე.
ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მათი თქმით, ბიუჯეტი ჯარიმების ზრდის და ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა.
,,როდესაც 2022 წელს ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ბიუჯეტის ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს ბიუჯეტი არასწორად დაგეგმილია და ქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს არ ერგება. დღეს გვიმტკიცებენ, რომ ბიუჯეტი გაიზარდა და ჩვენს მხარდაჭერას ითხოვენ. Რის ხარჯზე გაიზარდა ბიუჯეტი ეს არის მნიშვნელოვანი. ამ თანხებში 300 ათასი ლარი არის ქუთაისელების დაჯარიმების ხარჯზე, ქუთაისელების ჯიბიდან ამოიღეს თანხები და ამის ხარჯზე ზრდიან ბიუჯეტს, აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ,’’-ამბობს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიორგი კილაძე.