“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გუშინ, 16 დეკემბერს განაცხადა.
მინისტრის თქმით, “ნამახვანჰესის” პროექტი შეიძლება სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად შესაძლოა, სახელმწიფოსთან ერთად სხვა ინვესტორიც იყოს მოძიებული.
„დავუშვათ, თუ ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, რა პირობებითაც შეიძლება მათი დაბრუნება, თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან, იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც ამ პროექტს მერე საბოლოო ჯამში დაუკარგავს საქართველოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ ამ შეთანხმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ერთი, რომ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ ეს პროექტი შემდეგ იყოს გახსნილი კვლავ განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, მომავალში ეს პროექტი, თუ „ენკა“ არ დარჩა პროექტში, შეიძლება განახორციელოს თვითონ სახელმწიფომ, რაც არ იქნება ურიგო იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამის ირგვლივ და ლიდერშიპი ჰქონდეს სახელმწიფოს. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ. დაგვანახა ამ შემთხვევამ, რომ ამ მსხვილ პროექტებს სჭირდება მართლაც განსხვავებული მიდგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მხრიდან და ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.