15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება.
აბუ-დაბიდან ქუთაისში პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული და პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.
“15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ხიბლს”,-განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.