„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
,, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო დღეიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“ – ზვიად შალამბერიძე.
დღეიდან, მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.
ე.წ „მწვანე პასპორტი” საქართველოში დღეიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთანაც.