ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას, ბერლინის, ვენისა და აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება.

“ვიზეარის” ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა “ვიზეარის” კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

“ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია Wizz Air-ის სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის მოადგილეს თქმით ახალი მიმართულებების დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენას.

“ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათაო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კომპანიის გრძელვადიან გეგმებზე და ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება ფრენებს.

ამჟამად Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *