დღეს, გუმათში აღებული ბარიკადების შემდეგ კომპანია ” ენკას” მანქანებმა ხეობიდან გამოსვლა სცადეს, თუმცა, რიონის ხეობის მცველებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პირობები სრულფასოვნად არ შესრულებულა და რკინის ბარიერის აღება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფორმალურია, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ შესაძლებლობა პროტესტის ძირითად ადგილზე გადაადგილების.
“ბარიკადები აღებულია გუმათჰესთან, თუმცა, ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. პირობები იყო ასეთი: უნდა აღებულიყო ბარიკადები, მოგვცემოდა გზაზე გადაადგილების უფლება, პროკურატურას უნდა გაეკეთებინა განცხადება ჩვენს დაკავებულ თანამებრძოლებთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავბრუნებულიყავით პროტესტის ძირითად ადგილას, ნამოხვანში. დღეს აიღეს ბარიკადები, მაგრამ გადაადგილების საშუალება ჩვენ არ მოგვეცა და ითქვა, რომ ხვალ უნდა მოვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით. დღეს არ მომხდარა პირობების დაკმაყოფილება იმ ნაწილში, რომ ჩვენ გადავსულიყავით პროტესტის ძველ ადგილას.”
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პოლიციამ გუმათში განთავსებული ბარიერები აიღო, “ენკას” მანქანებმა ხეობის დატოვება სცადეს, თუმცა ამას აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მათ განუმარტეს “ენკას” წარმომადგენლებს- რომ რადგან მათ არ ეძლეოდათ ნამოხვანში გადასვლის საშუალება, ვერც კომპანიის მანქანებს გაატარებდნენ.
გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ფორმით მედიაციის პროცესის ჩაშლას ცდილობს და სურს, ევროკავშირის წარმომადგენლების წინაშე წარმოაჩინოს, რომ “რიონის ხეობის მცველები” პირობებს არ ასრულებენ.
სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის ბარიკადები დღეს აიღო.
რკინის ჯებირების დემონტაჟი 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასა და ,,რიონის ხეობის მცველებს” შორის შედგა.