საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია დასავლეთ
საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ითხოვს. ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები: პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი დახურულია, თუმცა გაუგებარია რატომ, როდესაც მუზეუმებს დახურულ სივრცეებში ფუნქციონირების საშუალება მიეცათ. მისივე თქმით, აღნიშნული მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობასა და სასტუმროებზე.
“ფრენები აღდგა, ტურისტების შემოსვლა დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს გახსნილი არ არის. ეს ობიექტები ტურისტების 90%-ს ამოძრავებს. ის ადამიანები, რომლებიც ამ ობიექტებთან ცხოვრობენ, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. ტურისტებს კარგავს ასევე ქუთაისი, რადგან აქ ძირითადად ჩამოდიან, რათა შემდეგ ეს ობიექტები მოინახულონ. ბევრი იყო შემთხვევა, რომ სასტუმროებში ჯავშანი გააუქმეს, რადგან გაიგეს რომ ობიექტები დაკეტილი იყო,”-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
ასოციაციის წევრები ასევე მოითხოვენ, სრულად მოიხსნას კომენდანტის საათი და დაჩქარდეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე