ქუთაისში, 3 ქუჩაზე მდებარე, კვების ობიექტები მიმდებარე გარე სივრცეში ბიზნესსაქმიანობას ნებართვის გარეშე შეძლებენ.
ისინი ასევე თავისუფლდებიან იჯარის სარგებლობის გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათები ქუთაისში მხოლოდ სამ ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტებს შეეხებათ. ესენია : წმ.ნინოს ქუჩა, ცისფერყანწელთა ქუჩა და პუშკინის ქუჩა. მეწარმეებს აღნიშნული შეღავათებით სარგებლობა ახალ წლამდე შეეძლებათ.
,,ქალაქის სამ ცენტრალურ ქუჩაზე გაუკეთდება მეწარმეებს შეღავათი, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ ტროტუარის ნაწილის ათვისებას. ამისათვის არ დაჭირდებათ იჯარის ქირის გადახდა. ახალ წლამდე ბიუროკრატიული წესებისგანაც თავისუფლდებიან და არ დაჭირდებათ განცხადებით მომართვა. ეკონომიკის სამსახურთან მოუწევთ ესკიზის შეთანხმება, რომ არ მივიღოთ ქალაქში რაიმე უსახური კონსტრუქცია.”- განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის ინიციატივით ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების მეპატრონეებთან შეხვედრა გაიმართა.