ფერმერებმა ევროკავშირის დახმარებების შესახებ იციან, თუმცა სოფლის მეურნეობის რომელ

multicat=36 კონკრეტულ სფეროებს მოხმარდება ეს თანხა და როგორ მათთვის უცნობია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ქართველი ფერმერების პროდუქტი ევროპის ბაზარზე კვლავ შეუფერხებლად იყიდება.

სამტრედიაში, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი საწარმო წლებია ქსელურ მარკეტებს, რესტორნებსა და სასტუმროებს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულით და მწვანილით ამარაგებს.

,,იმერეთის გრინერი” ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომელმაც ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. საწარმოს სალათის ფურცელი, კიტრი და პომიდორი ჰიდროფონიკის სისტემაზე აგებულ სათბურში მოჰყავს. მათ კვირაში დაახლოებით 2 ტონა სალათის ფურცლის წარმოება შეუძლიათ. წლის განმავლობაში მოჰყავთ 350 ტონა პომიდორი.

მუშაობა არ შეუჩერებიათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები მათაც შეუქმნათ.

,,ჩვენ გვქონდა მიზნობრივი ბაზარი, მაგრამ შეზღუდვებია ქვეყანაში და თავისთავად ამან გამოიწვია ჩვენი გაყიდვების შემცირება. ბოლო 4 კვირის მანძილზე, რაც შეზღუდვები მოქმედებს, დაახლოებით 8 ტონაზე მეტი სალათის ფურცლის გადაყრა მოგვიწია. გაუვიდა ყველანაირი შენახვის ვადა.”- ამბობს დავითი.

რეალიზების ალტერნატიული გზა ჯერ ვერ იპოვეს, თუმცა სალათის ფურცლებისგან განსხვავებით პომიდვრის სხვა პროდუქტების რეალიზებას მეტნაკლებად ახერხებენ. საწარმოს საწარმოს ოპერირების მენეჯერის თქმით, დისტრიბუციას კომენდანტის საათიც აფერხებს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად ევროკავშირმა საქართველოს 250 მილიონამდე ევრო გამოუყო. 20 მილიონამდე ევრო მიზნობრივი საგრანტო დაფინანსებაა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ბიზნესის, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად, იმისთვის რომ მათ შეიძინონ უნარები და განავითარონ ბიზნესები ან კრიზისიდან გამოვიდნენ.

,,ევროკავშირის დახმარებებზე მაქვს ინფორმაცია. ჯერ კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. დახმარება ჩვენს სფეროს ისევე ძალიან სჭირდება როგორც ყველა სხვას.” – ამბობს ,,იმერეთი გრინერის” ოპერირების მენეჯერი დავით ჩხეიძე.

კორონავირუსმა სამტრედიაში მდებარე საწარმოს მსგავსად პრობლემები სხვა მეწარმებსა თუ ფერმერებს შეუქმნა. შესაბამისი კვლევა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა. მთლიანობაში 175 ფერმერი და აგრო ბიზნესის წარმომადგენელი გამოიკითხეს. ისინი მიიჩნევენ, რომ COVID-19-ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესის 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან მიზნობრივი სექტორები დახურულია. გამოკითხულთა 55%-ს პრობლემები პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით აქვს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს. რომელთა შორისაა იაფი სესხები, საგადასახადო შეღავათები, აგროტურიზმის ხელშეწყობა, იმპორტის პროცედურების გამარტივება, კოოპერატივების განავითარების მხარდაჭერა და ა.შ.(იხ.კვლევა სრულად)

მეწარმეებს რომ პრობლემები ექმნებათ ამაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანიც საუბრობს.


,,წარმოებული პროდუქცია გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში შემოდიოდა 9 მილიონამდე ტურისტი, ქვეყანაში იყო ძალიან აქტიური რესტორნების, სასტუმროების, საკურორტო ზონების მიმართულებით პროდუქციის გასაღების მოლოდინები.

ამ სეგმენტის ამოვარდნა თავისთავად ცხადია გარკვეულ პრობლემებს შექმნის. სახელმწიფომ, ფერმერებმა, კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ერთმანეთს იმისათვის, რომ ეს კრიზისი იქნას დაძლეული.”- ამბობს მინისტრის მოადგილე.

მთავარ პრიორიტეტად მაინც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ასახელებს და ამბობს, რომ ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის კუთხით ახალი პროექტები და პროგრამები მიმდინარეობს, რომელიც სულ უფრო მეტ ბენეფიციარს მოიცავს და აძლევს შესაძლებლობას დარგში დაინტერესებულ ადამიანებს, რომ დაიწყონ საქმიანობა და აწარმოონ ქართული პროდუქცია როგორც ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის, ისე საექსპორტო მიმართულებითაც.

,,ჩვენი მოტივაციაა, რომ შეიქმნას სამაცივრე მეურნეობები, გადამამუშავებელი მრეწველობა გაძლიერდეს იმგვარად, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი ქართული პროდუქცია. გაიზარდოს წარმოების შესაძლებელობები და პროდუქტიულობის გაზრდა იყოს მთავარი ორიენტირი. ასევე მექანიზაციის პროცესებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ადამიანური რესურსების დაზოგვით უფრო მექანიზებული მიმართულებების განვითარებით მეტი მოსავლის მიღება.” – ამბობს ხატია წილოსანი. 

ამ ფონზე მზარდია ევროკავშირთან აგროსასურსათო ვაჭრობით მიღებული შემოსავალი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტების ექსპორტს პრობლემები არ ექმნება.

პირველ კვარტალში ანუ იანვარი-მარტის თვეში 27 მილიონი დოლარით არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც დაახლოებით 5 მილიონით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

,,ამას ხელს უწყობს ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაემარტივებინათ სერთიფიკატებთან დაკავშირებული საკითხები და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები და ელექტრონული სერთიფიკატები დაუშვეს იმისათვის, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს უწყვეტი.” – ამბობს ხატია წილოსანი.

COVID19-ით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში სამინისტროში ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ევროკავშირის დახმარებას მნიშვნელოვნად აფასებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უწყვეტად არის ფერმერებისთვის და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის სხვადასხვა პროგრამების და პროექტების ფარგლებში. ,,ენპარდის” პროგრამის სამივე ფაზამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯამში 180 მილიონ ევრომდე თანხა შეადგინა.

,,დამატებით ვსაუბრობთ ,,ენპარდ 4″-ზე, რომელიც გულისხმობს 55 მილიონი ევროს დამატებით მობილიზებას დარგში. ეს ძალიან დაეხმარება ქართულ სოფლის მეურნეობას.” – აცხადებს ხატია წილოსანი.

ფერმერებისთვის და მეწარმეებისათვის ევროკავშირის დახმარება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისების დასაძლევად ხელმისაწვდომი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა გახდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *