დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს
multicat=36 საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები ქუთაისში შეხვდნენ. მათ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ერთად, მეწარმეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას დასავლეთ საქართველოდან 200-მდე მეწარმე ესწრებოდა.
1-ლი ივლისიდან საქართველოში მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მოქმედებს. ახალი რეჟიმი მცირე ბიზნესისათვის მინიმალურ საგადასახადო ტვირთს აწესებს და მეწარმეებს საგადასახადო აღრიცხავს უმარტივებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე მეწარმეებმა ახალი საგადასახადო რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირველი პირებისაგან, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრა მიმდინარე რეფორმის პირველი კვირის ანალიზს ემსახურება.
“ახალი პროგრამა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გვაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი და რა პრობლემები აქვთ მეწარმეებს ამ კუთხით,”-განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზაშვილის თქმით, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყნისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ნუგზარ კვირიკაშვილი დასავლეთ საქართველოში მცირე საოჯახო მარანს ფლობს. მეწარმე ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს.
“გადასახადი ხუთჯერ შეგვიმცირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ხელშეწყობა მცირე ბიზნესმენებისათვის სტიმულის მომტანია,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი იმ მეწარმე ფიზიკურ პირებს ენიჭებათ, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-იანი განაკვეთის ნაცვლად, 1% იქნება.