2017 წლის მონაცემებით,
multicat=36 ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ დაზარალებულთა რაოდენობა 4000 ადამიანს შეადგენს. ფინასური პირამიდების შესახებ ისაუბრა ქუთაისში “ფინკა ბანკის” მომხმარებლებისათვის გამართულ ტრენინგზე “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ.
“კომპანია “საქართველომ” დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც წესი, თაღლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტთან და თავი შეიძლება წარმოგვიდგინონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, სავალუტო თრეიდერებად, უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად და ა.შ. ჩამოთვლილი კომპანიების წინააღმდეგ კი მიმდინარეობს სამართლებრივი დავა”,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ ტრენინგზე საუბრისას.
საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს ახასიათებთ აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი, დამალული/რთული ბიზნესმოდელი, აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება, საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი. ორგანიზაცია აფრთხილებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავს პირამიდებში ჩართვისგან და რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ესაა: საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება, მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა, ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, კომპანიების საქმიანობაში თაღლითური მეთოდების დროული გამოვლენა.