გაიმართა შეხვედრა ბაღდათის მოსახლეობასთან, სადაც კურორტ საირმეს შესახებ ისაუბრეს.

 

“გუშინ გვქონდა შეხვედრა ბაღდათის მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანი იყო კურორტ საირმეს განვითარების გზებზე საუბარი. რა ინვესტიციები ჩაიდო, აგრეთვე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით” – განაცხადა შ.პ.ს. “კურორტ საირმეს“ წარმომადგენელმა ჯაბა წულაძემ.

საირმეს თანამშრომელთა ასოციაციის თავმჯდომარე სანდრო ნერგაძე გახდა, ხოლო საპატიო პრეზიდენტი თემურ კოხოძე. მისი თქმით, ასოციაცია კურორტის განვითარებაზე და მაღალი სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.

“მოხდა კურორტ საირმეს ასოციაციის დარეგისტრირება. ავირჩიეთ თავმჯდომარე და საპატიო პრეზიდენტი. ასოციაციის მიზანია საირმეს განვითარების მუშაობა. მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ჩართულობა, რათა ყველა ადამიანი იყოს ინფორმირებული თუ რა სიკეთეები იგეგმება და რა დამატებითი სერვისები დაინერგება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კიდევ უფრო განვითარებული და მაღალი სტანდარტების მომსახურეობა შევთავაზოთ ჩვენს დამსვენებლებს”, – ამბობს ჯაბა წულაძე.

შ.პ.ს. “კურორტ საირმეს“ წარმომადგენელი აგრეთვე უარყოფს კურორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაგალითად, სამკურნალო წყლები ფასიანი გახდა, რომ მსურველებს სკვერში არ უშვებენ.

“იყო უსაფუძვლო ბრალდებები, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომ მაგალითად სამკურნალო წყაროები გახდა ფასიანი, ადამიანებს არ უშვებენ სკვერში, უნდა გადაიხადონ შემოსასვლელში ე. წ. შლაგბაუმთან თანხა და ა. შ. ჩვენ ვერ ვხვდებით ეს ვის რაში სჭირდება, კურორტზე ყველაფერია გაკეთებული დამსვენებლის მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის”

კურორტი საირმე ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. დამსვენებელთა რაოდენობა წელს გაზრდილია. ამბობენ, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროექტების შედეგია.

“ივნისი, ივლისი, აგვისტო არის დამსვენებლების პიკი, გაზრდილია როგორც ბავშვების ასევე მოზრდილების ნაკადი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული წინა წელს, რამაც გამოიწვია ყველა კონტიგენტის დამსვენებლის მატება კურორტზე”, – აღნიშნა წულაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *