აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანოპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამის შესახებ 15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისის თქმით, აღნიშნული კანონი მოუტანოს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან.
შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაც.
ნედ პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსულ და უნგრული კანონებს და არა ამერიკულს.
ნედ პრაისის განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ინიცირებულია მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ, რომელიც გასულ წელს შექმნა “ქართული ოცნებიდან” წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”. თუმცა, არა – სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”(არ იგულისხმება რეკლამა);
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”(არ იგულისხმება რეკლამა).