ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა.
გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელს პასუხი ამ დრომდე არ გაეცა.
მისივე თქმით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდა.
„ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა უფრო გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ვინც იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის. პირტიტველა ბიჭები გმირები გახდნენ და ამ დროს, მგონი, ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება რაღაც მოხდეს და პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელს და ათასობით ქართველის მკვლელს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეები მიდის. ახლა იმედის ნაპერწკალიც გამიქრა”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.
გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, ის, რომ საქართველოში მოსკოვიდან მომავალი პირველი რეისი დღეს ჩამოფრინდება, უხერხულობას უნდა უქმნიდეს მათ, ვინც ამ ფაქტს მესალმება.
„დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, ალბათ, მას დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც ისევ ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა! საერთოდ ვინც დადებითად ჩავთვლით, რომ ეს მოვლენა კარგია, მათ ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ”, – აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
წყარო: ipn.ge