დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე. EPDE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხოეთის აგენტებად” სტიგმატიზაცია, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია.

დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი რუსეთის მაგალითს ეფუძნება, სადაც მსგავსი კანონი 10 წელია მოქმედებს.

“რუსეთის კანონი უცხოური აგენტების შესახებ შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის რეგიონში. კანონპროექტი წააგავს რუსეთის კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც 2012 წელს მიიღეს, რათა შექმნილიყო “საკანონმდებლო ბაზა” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელსაც “უცხოეთის აგენტი” ეწოდა ასოციაცია “გოლოსი” იყო, არჩევნების მონიტორინგის ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია რუსეთში. მათივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობაში “უცხოური აგენტების შესახებ” რუსული კანონის ანალოგის შემოღება, არის პრეცედენტი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, მათი, ვინც საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობაზე მუშაობს”,– ნათქვამია განცხადებაში.

EPDE ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღონ მჩაგვრელი კანონმდებლობა სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, როდესაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელების პროგრესს შეაფასებენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით.

მმართველი პარტიის “ქართულმა ოცნების” წარმომადგენლებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ “ხალხის ძალის” ინიციატივას.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *