ECCMD-ის ორგანიზებით და უკრაინაში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში კონფერენცია – “უკრაინის ომის ერთი წელი” გაიმართა. შეხვედრაზე საქართელო-უკრაინის ურთიერთობებზე, ომის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე, მსოფლიოს ახალ დღის წესრიგზე და ომის დროულად დასრულების გზებზე იმსჯელეს.

უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის ანატოლი ხრისტენკოს თქმით, იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დროულად დასრულდეს, საჭიროა: სწრაფად მიეწოდოს სამხედრო დახმარება უკრაინას, გამკაცრდეს სანქციები რუსეთის მიმართ, შეწყდეს რუსეთთან სავაჭრო კავშირები და ა.შ. ანატოლი ხრისტენკოს შეფასებით, ეს ყველაფერი რუსეთს ყველანაირ ბერკეტს გამოაცლის და უკრაინა გამარჯვებას იზეიმებს.

,,მრავალი მარცხის და დაღუპულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, რუსეთი ისევ აგრძელებს ომს უკრაინაში. უკრაინელებმა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი გაათავისუფლეს და ბრძოლა მანამ გაგრძელდება, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ომის დასრულების სისწრაფე დროულ სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის შეფერხება ომს გაახანგრძლივებს. ასევე, უმნიშვნელოვანესია გამკაცრდეს საქნციები რუსეთის მიმართ, რათა მან ვერ შეძლოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება, განსაკუთრებით, რაკეტების, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეწყდეს რუსეთთან სავაჭრო კავშირები, რადგან კრემლი ამ ყველაფერს დასავლეთზე ზეწოლის იარაღად იყენებს,’’-ამბობს უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ანატოლი ხრისტენკო.

ანატოლი ხრისტენკომ ქართველ ხალხს ერთი წლის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ჰქონდა იმედი ომის დაწყების შემდეგ საქართველო როგორც სტრატეგიული პარტნიორი ისე იმოქმედებდა.

შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს ის აქტივობები, რაც ქუთაისელმა ხალხმა, ქუთაისელმა აქტივისტებმა და ქალაქში მოქმედმა ორგანიზაციებმა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით განახორციელეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *