არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი ქუთაისის მერიას მისთვის სხვადასხვა დროს გადაცემულ „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ საპატიო სიგელებს უბრუნებს.
ამ ყველაფრის მიზეზი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა, რომელიც არქიტექტორის შეფასებით, არასწორად მიმდინარეობს.
მისი თქმით, ახალი შენობა ცენტრალური მოედნის გენერალურ გეგმას და ქალაქის შენობის ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.
ვახტანგ დვალიშვილი ამბობს, რომ სიგელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწორად წარიმართება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ არქიტექტორმა მთლიანად ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა და არა ეთნოგრაფიის მუზეუმის ყოფილი შენობის, რაც არ გაითვალისწინეს, რადგან მერიის ინფორმაციით საუბარი მხოლოდ ყოფილი შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე იყო.
ყოფილი მუზეუმის რეკონსტრუქცია ერთი წლის წინ დაიწყო. რეკონსტრუქციის დროს შენობის დიდი ნაწილი ჩამოიშალა. აღნიშნული სივრცის მოწყობის ერთ-ერთი პირობა, სწორედ ამ ფასადის ძველი იერსახის შენარჩუნებაა.
მუზეუმის ყოფილი შენობის რეკონსტრუქციას კომპანია “ართვინ ჯორჯია” 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
ახალი სივრცის პროექტი შპს “ნს სტუდიომ” მოამზადა.