ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი 2022 წლის მარტში მოიწამლა, მანამ, სანამ მას კლინიკაში გადაიყვანდნენ.
ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე დევიდ სმიტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით და რომ ეს მეტალები მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. სმიტის თქმით, მან გამოიკვლია სამედიცინო ჩანაწერების დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები, ასევე გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170 გვერდიანი დასკვნა.
“მას სიმპტომები უკვე ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი მოწამლვა, არამედ მანამდე, ციხეში. მიხეილ სააკაშვილმა განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, განსაკუთრებით, დაზიანდა თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანებას, ასევე ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებები, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას, მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთი, როგორიცაა გული და თირკმელი,”-ამბობს დევიდ სმიტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა.