ქუთაისის  ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე საახალწლო, საბავშვო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

,,ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი’’- ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა დადგა. მაყურებელი პრემიერას 29 დეკემბერს, 3-4 -11-12 იანვარს იხილავს.

სპექტაკლი გაფორმებულია მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად. ქორეოგრაფი გიორგი ბარბაქაძეა.

,,საქართველოს თეატრები იანვრის თვეში პატარა მაყურებლებს თავიანთ სპექტაკლებს სთავაზობენ. ჩვენ არჩევანი ზღაპარზე ,,ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი’’ შევაჩერეთ, რომელსაც ინსცენირება მე გავუწიე, რეჟისორი კი თორნიკე მარჯანიშვილია. სპექტაკლი მარადიულ ღირებულებებს ეხება, როგორებიცა: სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, სიმამაცე; წინააღმდეგობების გადალახვა, მაშინაც კი როცა ეს სრულიად შეუძლებელი ჩანს და საბოლოო გამარჯვებამდე მისვლა…ვფიქრობ, მაყურებელი ამ ფერადოვანი, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად გაფორმებული, კარგი სამსახიობო ნამუშევრით მოიხიბლება,’’-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე.

,,სათქმელი ბევრია ამ ნაწარმოებში: აქ გვხდება უტვინო საფრთხობელა, მხდალი ლომი, უგულო შეშის მჭრელი. ზოგს ტვინი სჭირდება, ზოგს – გული, ზოგს – სიმამაცე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველას აღმოაჩნდება ის, რაც სჭირდება, რადგან ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ძალა, რომ წინააღმდეგობა დაძლიოს. ეს არის ღერძი ამ ნაწარმოების. ვფიქრობ, სპექტაკლით, არა მარტო პატარა მაყურებელი, არამედ უფროსებიც დაინტერესდებიან, რადგან ზღაპარი მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის,’’-ამბობს სპექტაკლის რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *