,,სიკვდილის ლურჯი ეკრანი’’-ეს არის სახელწოდება წიგნის, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში Tea house “Foe Foe” -ში გაიმართა.
რომანის ავტორი ირაკლი მაჩიტაძეა.
წიგნი როგორც დეტექტიურ სიუჟეტს, ასევე თრილერის და ფანტასტიკის ჟანრსაც შეიცავს. ნაწარმოები ადამიანის ტრანსფორმაციას შეეხება. წიგნის მთავარი პერსონაჟი IT სპეციალისტია. როცა კომპიუტერი ინფორმაციულად დაიტვირთება და გაშეშდება, მთავარი გმირი იძულებულია ეკრანი გადატვირთოს, რათა კომპიუტერმა მუშაობა განაახლოს. ასე ემართება ადამიანის გონებასაც. დგება მომენტი, როცა სულიერი გადაწყობა, ტრანსფორმაცია აუცილებელია. წიგნის ავტორიც სწორედ ადამიანის სულიერ სამყაროში მომხდარ ძვრებზე მიუთითებს, ცვლილებებზე, რომელმაც შესაძლოა სამყარო შეცვალოს.
,,სიკვდილის ლურჯი ეკრანი’’ ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო ნაწარმოებია.
,,რომანის თვალსაზრისით ეს ჩემი პირველი წიგნია. ნაწარმოები არის საკმაოდ იშვიათი ქართულ ლიტერატურისთვის. დეტექტიური სიუჟეტიც აქვს, ცოტა თრილერიც და ფანტასტიკაც, ამიტომ ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობას მოეწონება. ყველაზე მეტად რაც ხელს უშლის ავტორს, არის დაბალი თვითშეფასება. ყველას, ვინც პროზაულ ჟანრში წერს, ვურჩევდი, რომ წერონ და თუ თავიდანვე არ გამოაქვეყნებენ, მეგობრებს, ახლობლებს წააკითხონ. ჩემი პირველი მკითხველებიჩ სწორედ ჩემი მეგობრები იყვნენ. სწორედ მათმა შეფასებებმა და საქმიანმა შენიშვნებმა მომცა ბიძგი, რომანი გამომექვეყნებინა,’’-ამბობს ავტორი ირაკლი მაჩიტაძე.
,,ეს წიგნი არის ყველაფერზე. უჩვეულო მდგომარეობაში ვარ, რადგან ჩემი ახალგაზრდობის მეგობარმა, შემოქმედებითი ცხოვრების და ეპიზოდის თანამოაზრემ, ირაკლი მაჩიტაძემ თავისი წიგნის წარდგენა მთხოვა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მღელვარე წუთები, მე მისი სულის ნაწილს უნდა შევეხო და მოგაწოდოთ თქვენ, როგორც ნათელი საინტერესო, ნიჭიერი ადამიანის კიდევ ერთი ახალი ნიჭის აღმოჩენა. ზოგად, მიმაჩნია, რომ წიგნებზე საუბარი აკეთილშობილებს და ჩვენ კიდევ ცოტათი გავკეთილშობილდით,’’-აღნიშნა საღამოს მოდერატორმა ზეკო ხაჩიძემ.
წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
,,ჩვენი გამომცემლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამედროვე პროზის გამოცემა. საინტერესო წიგნია, ისეთია ტექსტი, რომ ვერ მოწყდები. ეს რომანი არის კიდევ ერთი აღმოჩენა. ვულოცავ ავტორს დებიუტს,’’ – ამბობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი.
ირაკლი მაჩიტაძე რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და დირექტორია.