მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმზე – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ მიიწვიეს.
ფორუმის ხელმძღვანელის, გერმანელი დიპლომატის, კრისტოფ ჰოისგენის თანახმად, 2023 წლის კონფერენციაზე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მიწვეული არ არიან, რადგან პლატფორმას პროპაგანდისთვის არ გამოაყენებინებენ.
ჰოისგენის განცხადებით, სურთ რუსეთის მომავალი განიხილონ რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და დევნილობაში მყოფ ადამიანებთან ერთად და სწორედ მათი ხმა უნდა გაძლიერდეს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრადიციულად იკრიბებიან მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები, მთავრობების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. 2023 წლის ფორუმზე, რომელიც თებერვალში ჩატარდება, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ომი უკრაინაში.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველ წელს მონაწილეობდნენ. 2007 წელს, ფორუმს მიმართა პრეზიდენტმა პუტინმაც, რომელმაც აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის მცდელობასა და ნატოს გაფართოებით რუსეთისთვის საფრთხის შექმნაში. ამ საფრთხის საბაბით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.