აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას.
აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.
თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და ამასთან იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ.
„ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ – ნათქვამია Sloties-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
NFT (Non fungible token – შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში.
ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum-ი. ამ მონაცემების გაყალბება ან შეცვლა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს იგი ციფრული ნივთის ავთენტურობის დასადასტურებლად.