ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განხორცილებეულ აქტივობებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა ,,სამართლიანი არჩევნების’’ ოფისში ჩატარდა. ,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელიც ორგანიზაციამ სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის შეიმუშავა.
,,სამართლიანი არჩევნების’’ ქუთაისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა განმარტა, რატომ მოექცა ეს საკითხი მათი ყურადღების ცენტრში. მისი თქმით, სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს, დირექტორები კი საქართველოში არჩევნების დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამეურვეო საბჭოს შესაბამისად დაკომპლექტებაზე და საბჭოს არჩევნებში მშობლების და მასწავლებლების სრულფასოვან ჩართულობაზე.
,,მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ მშობლებსა და პედადგოგებს ამ არჩევნების შესახებ, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პროცედურების და კანდიდატების შესახებ. ხშირად მშობლებმა არც იციან ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ასევე, საჭიროა სწორად შეირჩეს არჩევნების დღე, რათა ყველა მშობელმა, თავისი გრაფიკის მიუხედავად, შეძლოს მისვლა. დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების საინფორმაციო კამპანიას, რის საშუალებითაც ისინი მშობლებს და პედაგოგებს თავიანთ თავს გააცნობენ. იმედი გვაქვს, ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, ეს რეკომენდაციები ორგანიზაციის ვებ-გვერდზეცაა ატვირთული.’’-ამბობს თეონა გოგიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები ყოველთვიურად იმართება.