საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.
სახალხო დამცველობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. მათ შორის ერთ-ერთი ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძეა. ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც საზოგადოებას თავის პროგრამას და ხედვებს წარუდგენს.
,,სახალხო დამცველის კანდიდატად თავი 3 მიზეზის გამო წარვადგინე: პირველი- მინდა ეს პროცესი უფრო მრავალფეროვანი იყოს; მეორე- მსურს რეგიონებიდანაც იყვნენ წარდგენილი ადამიანები და რეგიონები მეტად იყვნენ ჩართულები საქართველოს საერთო პროცესებში; მესამე- ვხედავ ჩემს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, ვარ მზად სახალხო დამცველობისთვის. ვაპირებ გავმართო შეხვედრები და საზოგადოებას ჩემი ხედვები გავაცნო. სანამ პროგრამას წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩემი ხედვები სახალხო დამცველის ფუნქციებს უკავშირდება და სახალხო დამცველის ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაა. მინდა ეს პროცესი მრავალფეროვანი იყოს, სწრაფად და ოპერატიულად დავიცვათ ადამიანის უფლებები, მეტი შუამავლობა დაეკისროთ შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლების დაცვის საკითხში. ვფიქრობ, სახალხო დამცველობის შანსი 19-ივე კანდიდატს გვაქვს, ოღონდ ამისთვის აქტიური მუშაობაა საჭირო. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე აქტიური მუშაობა და ეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთი ნაწილია, ჩემი ამ პროცესში ჩართვა ამითაც არის განპირობებული, რადგან მსურს საქართველომ შეასრულოს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,’’-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.
ნუგზარ კოხრეიძე ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ის 25 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს.
გთავაზობთ სახალხო დამცველობის კანდიდატების სრულ სიას:
1. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს “არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
4. ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
5. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
6. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
8. ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
9. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
10. ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
11. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
13. მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ “ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
15. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
16. ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი
19. ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი